თბილისი (GBC) – რუსული Yandex-ის საკვების მიტანის სერვისი, Yandex Eats ქართული ბაზრიდან გადის, - ამის შესახებ კომპანიის ოპერაციების ხელმძღვანელი, გიორგი ჭოლარია LinkedIn-ზე წერს.

ჭოლარიას განცხადებით, ადგილობრივი ბაზრიდან გასვლა კომპანიის საერთაშორისო დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.

„საქართველოში ჩემი, როგორც Yandex Eats-ის ოპერაციების ხელმძღვანელის საქმიანობა დასრულდა, ადგილობრივი ოპერაციების შეწყვეტის შესახებ კომპანიის მიერ მიღებული გლობალური გადაწყვეტილების გამო. 

ვამაყობ იმით, რაც ერთად შევქმენით. ძალიან მოკლე დროში ბიზნესი ჩამოვაყალიბეთ სტრუქტურირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ ოპერაციად, მკაფიო პასუხისმგებლობებით, გამჭვირვალე პროცესებითა და შესრულების მაღალი სტანდარტებით.

2025 წელს ჩვენი ბაზარი გახდა კომპანიის საერთაშორისო ბაზრებს შორის ყველაზე ძლიერი ოპერაციული შედეგების მქონე, რაც იყო ფოკუსირების, დისციპლინისა და თანმიმდევრული ლიდერობის შედეგი.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზის ნაწილი იყო. ძლიერი გუნდის შექმნა და კონკურენტულ გარემოში შედეგების მიღწევა არასდროს არის ადვილი და სწორედ ეს ხდის მას მნიშვნელოვანს“, - წერს გიორგი ჭოლარია.