„ჩვენს სამხედრო ძალებს, რომლებიც ყველაზე დიდია და ძლიერი (ბევრად!) მსოფლიოში, ჯერ არც კი დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გვიან საღამოს ირანის მიმართ ახალი მუქარა გააჟღერა და გააფრთხილა თეირანი, რომ ამერიკული არმია დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე განახორციელებს.
„ჩვენს სამხედრო ძალებს, რომლებიც ყველაზე დიდია და ძლიერი (ბევრად!) მსოფლიოში, ჯერ არც კი დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი ელექტროსადგურები! რეჟიმის ახალმა ხელმძღვანელობამ იცის, რაც უნდა გაკეთდეს და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
როგორც Politico იუწყება, პენტაგონს ირანში დასარტყმელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნეები ეწურება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს თეირანის დაბომბვის გაგრძელებას კიდევ სამი კვირის განმავლობაში. ხუთშაბათს დილით ტრამპმა გამოაქვეყნა ავიაიერიშის შედეგად ხიდის განადგურების ვიდეო წარწერით: „ირანის უდიდესი ხიდი ინგრევა და მას ვეღარასდროს გამოიყენებენ - ბევრი სხვა რამ ჯერ კიდევ წინაა“.
აშშ-ისრაელის ირანთან ომის ხუთი კვირის განმავლობაში, ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროსადგურებისა და წყლის გამამტკნარებელი ნაგებობების განადგურებით, რითაც ის ირანის რეჟიმის გატეხვას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ 1949 წლის ჟენევის კონვენცია კრძალავს თავდასხმას იმ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც „აუცილებელია სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენისთვის“.
Politico წერს, მასირებული დაბომბვის მიუხედავად, თეირანი კვლავ უწევს წინააღმდეგობას ამერიკულ და ისრაელის ზეწოლას და იყენებს საკუთარ ბერკეტებს ჰორმუზის სრუტის - კრიტიკული საზღვაო გზის ფაქტობრივად ჩასაკეტად, რათა მთელ მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასები გაზარდოს.
ირანმა ასევე მიიტანა დარტყმები ყურის რეგიონში არსებულ ნავთობისა და გაზის ობიექტებზე, რამაც ხელი შეუწყო გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ესკალაციას.