თბილისი (GBC) - სების ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24.6 მლრდ აშშ დოლარი (69.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 77.95-ია. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 32.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 276.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად 171.7, 33 და 39.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
სების ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11 მლრდ აშშ დოლარი (30.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 34.7%-ია. აქედან, სამთავრობო სექტორის ვალია 8.5 მლრდ აშშ დოლარი (23.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.8%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 835.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 441.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.4%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.6 მლრდ აშშ დოლარი (21.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9%) და კომპანიათაშორისმა ვალმა - 3 მლრდ აშშ დოლარი (8.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.5%). მთლიანი საგარეო ვალის 88.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
სების ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (35 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 39.5%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.4 მლრდ აშშ დოლარია (17.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.2%-ია.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილებებმა გამოიწვია ვალის 5.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციულმა ცვლილებებმა კი 19.8 მლნ. აშშ დოლარით შემცირება.
2024 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 835.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 457.7 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)¹, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.
¹ განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ–ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ–ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგიური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.