თბილისი (GBC) - მთავრობამ 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით,. გარკვეული კორექტირებები გვინდა შემოვიღოთ. შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება", - განაცხადა კობახიძემ.

12 თებერვალს "ოცნებამ" პარლამენტში შსს–ს მიერ მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მქონე ავტომობილების იმპორტზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებდა. 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და საგზაო მოძრაობის განტვირთვას ემსახურებოდა.

მაშინ პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: თუ 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.

„ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, – ამბობდა ირაკლი კობახიძე.