თბილისი (GBC) – "ოცნებამ" პარლამენტში შსს–ს მიერ მომზადებული კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მქონე ავტომობილების იმპორტზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და საგზაო მოძრაობის განტვირთვას ემსახურება. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა: თუ 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წელს ამ მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა.

„ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს მომზადებული კანონპროექტისთვის და აღნიშნა, რომ რეგულაციაში გათვალისწინებული იქნება მცირე გამონაკლისებიც. მისი თქმით, ავტოპარკის ასეთი მასშტაბური ზრდა მოითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ეკოლოგიისა და სატრანსპორტო გამოწვევების საპასუხოდ.