თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $480.4 მლნ შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1%-ით გაიზარდა და $312.8 მლნ-ს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:

  • ჩინეთი - $64.2 მლნ
  • თურქეთი - $49.3 მლნ
  • რუსეთი - $34.8 მლნ

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი $56.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, $51 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.3%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები $24 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7%).