თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი დარწმუნებულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები "ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას". ასადოვის თქმით, აზერბაიჯანში კობახიძის ჩასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ დაათვალიერონ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის ქალაქის ცენტრში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. ასევე, ასადოვი ირწმუნება, რომ "აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით". მანვე ისაუბრა SOCAR-ის საქმიანობაზე, რომელიც შეაფასა როგორც "წარმატებული" პროექტი ორ ქვეყანას შორის. 

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს COP29-ის კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.

„გასული წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდით აზერბაიჯანში. თქვენთან როგორც მარტში, ასევე ნოემბერში COP29-ის ფარგლებში შეხვედრები ძალიან კარგად მახსენდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით აქტიური მონაწილეობისთვის COP29-ის ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომას ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსჯელობები მიღებული გადაწყვეტილებები და ოქმები, ასევე ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას", - განაცხადა ალი ასადოვმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.

ალი ასადოვის თქმით, დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში კობახიძის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად, ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოშიც ჩატარდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნების გამომხატველი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებას და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პატივისცემას თქვენი მხრიდან და ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას", - განაცხადა ალი ასადოვმა.

აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გასული დროის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს და გააჩნია ფართო იურიდიული ბაზა, აქ შედის 140-მდე დოკუმენტი.

ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. აღნიშნული ტრადიცია დღესაც გრძელდება. ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო.

ჩვენი ეკონომიკური სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. მართალია, გასულ წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ცოტათი შემცირებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებით ხასიათს ატარებს. ეკონომიკური პოტენციალის მთლიანად რეალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იქნება", -  აღნიშნა ალი ასადოვმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ "ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია, აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით".

ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს.

„SOCAR საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. ასევე, SOCAR საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას.

ამავდროულად, აზერბაიჯანის ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს. აღნიშნული საკითხების დადებითად მოგვარება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს და გააფართოებს, რადგან აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით. ჩვენც, თავის მხრივ, საქართველოს კომპანიების აზერბაიჯანულ ბაზარზე საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს ვქმნით. აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედი 650-ზე მეტი ქართული კაპიტალის მქონე კომპანია არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ამის შემდეგაც ქართული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობისთვის საჭირო პირობებს შექმნის", -  განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა.

აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. „სოკარის" მიერ საქართველოს ბაზარზე გაზის მიწოდება გრძელდება. ნავთობისა სფეროშიც ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ბაზით გასულ წელს 30 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ყულევის ტერმინალსა და მასთან ახლომდებარე ნავთობის გადამუშავების ქარხანას შორის თანამშრომლობის საკითხი ამჟამად აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით უკვე ხელშეკრულება გაფორმდა და ახლო მომავალში ყულევის ტერმინალიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა დაიწყება.

ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", - აღნიშნა ალი ასადოვმა.

15 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს. ვიზიტი მასპინძელმა მხარემ გადადო.

კობახიძის ადმინისტრაციაში ვიზიტის გაუქმებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ვიზიტი თვის ბოლოსაა და მისი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, საქართველო 2025 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს – არ მიიწვიეს.

„კობახიძეს ამ დროისთვის მოსაწვევი არც ერთი ღონისძიებიდან არ მიუღია”, - აცხადებს „ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20-24 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ტარდება. მასში 60 სახელმწიფო მეთაური და 130 ქვეყანა მონაწილეობს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი წელს 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.