თბილისი (GBC) – ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოება წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა. 

„ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა, ხოლო მისი გაფართოება საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა ჯაბაროვმა ბაქოში მიმდინარე მდგრადი განვითარების მეორე ფორუმზე.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  ტაჯიკეთში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო აღნიშნული რკინიგზის მოდერნიზებას აღმოსავლეთი–დასავლეთის მიმართულებით გაზრდილი გადაზიდვების შეუფერხებელი მომსახურების მიზნით ახორციელებს.

გასულ წელს ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაში $100 მილიონს ჩადებდა. მისი თქმით, მაგისტრალის გამტარუნარიანობა გახუთმაგდება და წელიწადში 5 მლნ ტონას მიაღწევს.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა 15 მაისიდან დაიკეტა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ფილიალი ახორციელებს.