თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობა ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ქმნის, რომლის მიზანი სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერება და მეწარმეების მხარდაჭერის უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კორპორაციის პრეზენტაციაზე სამშაბათს განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.

კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ.

„2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ამ სექტორში პროდუქციის გამოშვების მოცულობამ 14,8 მილიარდი ლარიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

კობახიძის თქმით, საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურება 998 ლარიდან 2 760 ლარამდე გაიზარდა, რაც მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აღემატება. ამასთან, მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3 მილიარდიდან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად საჭიროა უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერის გაფართოება.

„სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.