თბილისი (GBC) – ლევან დავითაშვილი, პირველ ვიცე–პრემიერად ხელახლა დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ 2024 წელს ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს მთავრობას შესასრულებელი და კოორდინირებულად, მაღალ დონეზე იმუშავებენ ამ მიზნების მისაღწევად.

„გველოდება ძალიან ინტენსიური წელი, ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. გვქონდა ინტენსიური განხილვები პარლამენტში, სადაც ვსაუბრობდით მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმებისა და ამოცანების შესახებ, გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება და შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო ამ მიზნების მისაღწევად“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით პირველად გაიმართა.

ლევან დავითაშვილმა ირაკლი კობახიძეს და კოლეგებს დაკავებულ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომელზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით. ასევე ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. ამ ანგარიშვალდებულებასთან ერთად  ვისაუბრეთ გამჭვირვალობაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, თითოეული სამინისტროსთვის აქამდეც იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასევე იქნება  პრიორიტეტული, მათ შორის, რა თქმა უნდა, მედიასთან ურთიერთობაც იქნება ინტენსიური“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.