თბილისი (GBC) – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა  და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ეკონომიკის სამინისტროში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს 2023 წლის მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB Berlin-ის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად არსებობს მეგობრული, საქმიანი ურთიერთობები და აქტიური ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი ავიარეისი გვაქვს - აქ შვიდი მიმართულებით დაფრინავს ოთხი ავიაკომპანია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის.

„ვფიქრობთ, რომ ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ისე მთლიანად ევროპიდან ტურისტული ნაკადების ზრდას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში. 1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

ქართულ-გერმანული ურთიერთობები სახელმწიფოთაშორის დონეზე ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს (1918-1921 წ.წ.) უკავშირდება. მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა გერმანიასთან, ინტენსიურად განვითარდა მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის, სამართალდაცვით, კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროებში. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რომელიც, ასევე, დინამიკურად ვითარდება. საქართველო და გერმანია აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.

ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი გაღრმავდა 2018 წელს ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ჩამოყალიბებით, რომლის ფარგლებში იმართება სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის.

საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს 50-მდე შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ინვესტიციების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება, ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობა, თავდაცვა, კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.