თბილისი (GBC) – ოქტომბრის ეკონომიკის ზრდამ 6.2% შეადგინა. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომიკტი ყოველკვირეულ განახლებაში წერს, რომ სრული 2023 წლისათვის, საბაზო სცენარი 6.6%-ია. მისივე თქმით, როგორც ჩანს, სამომავლოდ, მიგრაციის ეფექტი კლებადი იქნება, თუმცა ტრადიციული ტურიზმი და სხვა ფაქტორები დადებით როლს შეასრულებს. 

„ლარის კურსის მხრივ, აღსანიშნავია, რომ აშშ დოლართან დაახლოებით იმავე ნიშნულთან საკმაოდ მცირე მერყეობის ფონზე, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებითაც, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი ასევე დაახლოებით იმავე ნიშნულზეა.

გასული კვირა ასევე საყურადღებო იყო სების გადაწყვეტილებების კუთხითაც, რაც შედარებით უფრო მორგებული ჩარჩოს მიმართულებით მორიგ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. საკუთრივ, როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის მხრივ, თავისთავად, სავალუტო რისკი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელიც შემოსავლებს სწორედ უცხოურ ვალუტაში იღებს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.