თბილისი (GBC) - "ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან“

ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა.

მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა ისაუბრა „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების მნიშვნელობაზე როგორც მთლიანად ევროპული კავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ისე სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში. მისი განცხადებით, ეს ამბიციური გლობალური ინიციატივაა, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ კავკასიას და მთლიანად რეგიონს ევროკავშირთან.

„იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს არის აქამდე არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი და ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო  ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაცია. 26 000-ზე მეტი მდინარეა, რაც განახლებადი ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

"საერთო ძალისხმევით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მეტი პროექტის განვითარებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორების ჩართულობით. ამგვარი დამოკიდებულება სრულ თანხვედრაში კლიმატის მიზნებთან. ამ ეტაპზე საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ევროპის საბჭო დეკემბრის შუა რიცხვებში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის განახლებადი წყაროები. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად და სექტორის გასავითარებლად მხარეთა ძალისხმევა დღეს ხელმოწერილ  მემორანდუმში აისახა.

ბუდაპეშტში მინისტერიალში ასევე მონაწილეობდნენ: დავითაშვილის I მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი.

„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება.

ლევან დავითაშვილის თქმით, იმ დროისთვის „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსებაზე.