თბილისი (GBC) – Speedtest Global Index–ის აგვისტოს რეიტინგში, ივლისთან შედარებით, საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით 2 საფეხურით დაწინაურდა და მე–19 ადგილს იკავებს ლუქსემბურგსა და მალაიზიას შორის. ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით კი საქართველო 154 ქვეყანას შორის 112–ე ადგილზეა. ივლისთან შედარებით ეს მაჩვენებელი მხოლოდ ერთი საფეხურით დაწინაურდა. ამ უკანასკნელი მაჩვენებლით საქართველო ბურკინა-ფასოს და ერაყს შორისაა.
მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, აზერბაიჯანი მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 51–ე პოზიციაზეა, თუმცა, ივლისთან შედარებით ქვეყანა ამ რეიტინგში 5 საფეხურით წავიდა წინ. აზერბაიჯანი ასევე 5 საფეხურით დაწინაურდა ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარეში და ამ მაჩვენებლით ბევრად უსწრებს საქართველოს და სიაში 76–ე ადგილს იკავებს.
ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიჩქარით საქართველოს სომხეთიც უსწრებს და რეიტინგში 94–ე ადგილზეა, თუმცა მობილური ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით სომხეთი საქართველოსაც ჩამორჩება და აზერბაიჯანსაც – ქვეყანა მესამოცე ადგილზეა.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით პირველ სამ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი იკავებენ, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით კი სინგაპური, ჩილე და ჰონკონგი.