თბილისი (GBC) – სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან ორშაბათს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

მინისტრმა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ ეს დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორეს მხრივ, წისქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ. შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას დადგენილების პროექტი წარედგინება, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დამატებითი საფასური 5 თვის ვადით დაწესდება. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, შეჯერებული გადაწყვეტილების შედეგად, პურზე არსებული ფასი არ მოიმატებს.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ბიძინაშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატების ნაწილი დღესაც მუშაობს, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც გააქტიურდებიან, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხორბლის შეუფერხებელ დაბინავებას.