თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა საფრანგეთის მოქალაქე მარტენ რაიანი (Martin Ryan). აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზმა ბრიუსელში წარმატებით განახორციელა ლობირება რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის მიზნით.
POLITICO-ს ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რაიანი ერთადერთი ფრანგი პატიმარი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის.
Financial Times-ის ინფორმაციით, უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება ფარული გარიგების ნაწილი გახდა, რომლის მთავარი პირობაც აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლება იყო. პარიზმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში სომხეთის მხარდასაჭერად, რომელიც ათწლეულებია აზერბაიჯანთან კონფლიქტში იმყოფება.
საფრანგეთს ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების მთელი ჩარჩოს განახლება, სანამ უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ. მან უსმანოვისა და საბანკო მაგნატის, მიხაილ ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღებას „სამარცხვინო და გაუმართლებელი“ უწოდა.
თავის მხრივ, ევროპულ საქმეთა საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამენ ჰადადმა POLITICO-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება ევროპული სოლიდარობის დასტურია:
„ჩვენ ვიტოვებთ ძალიან მტკიცე, ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში. წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა სახის პრიორიტეტები, თუმცა მთავარი ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა და გადაწყვეტილება, მოვახდინოთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე“, - განაცხადა ჰადადმა.
