თბილისი (GBC) - ხორბლის იმპორტიორები მთელ მსოფლიოში, რომლებიც შემცირებული მარაგების შევსებას ელოდებოდნენ, ბაზარზე დაბრუნებისას ფასების სერიოზული ზრდის წინაშე აღმოჩნდებიან. რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებისა და შავ ზღვაში ნაოსნობის შეფერხების ფონზე, მარცვლეულზე მსოფლიო ფასები მკვეთრად იზრდება.

Reuters-ის ცნობით, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის უმსხვილეს იმპორტიორებს მიწოდების უზრუნველყოფა სულ უფრო უჭირთ. ივლისიდან მოყოლებული, საზღვაო გემებსა და პორტების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა შავი ზღვის აუზში ტვირთების გადაზიდვა თითქმის შეაჩერა.

ლოგისტიკურმა შეზღუდვებმა ბაზარზე ფასების ნახტომი გამოიწვია: ჩიკაგოს ბირჟაზე ფიუჩერსების ღირებულება ივნისის მინიმუმიდან 40%-ით გაიზარდა და ბოლო 3.5 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ალტერნატიული ექსპორტიორების ფიზიკური ფასებიც იზრდება, რაც მსოფლიოს მოწყვლადი ქვეყნებისთვის სურსათის ახალი ინფლაციის საფრთხეს ქმნის.

„შავი ზღვა მარცვლეულის გადაზიდვისთვის კრიტიკული რეგიონია. თუ მყიდველები ვერ შეძლებენ პროდუქციის გატანას, მათ მოუწევთ მარაგების სხვაგან მოძიება, რაც ფასებს კიდევ უფრო მაღლა დასწევს“, - აცხადებს Saxo Bank-ის საქონლის სტრატეგიის ხელმძღვანელი ოლე ჰანსენი.

Kpler-ის მონაცემებით, სექტემბერში რუსული ხორბლის ექსპორტი 1 მილიონ ტონამდე შემცირდება (გასული წლის 5 მილიონი ტონიდან), ხოლო უკრაინა დაახლოებით 1 მილიონ ტონას გააგზავნის - შარშანდელი მაჩვენებლის ნახევარს.

შექმნილი დეფიციტი ყველაზე მძიმედ აზიას დაატყდება თავს, სადაც ადგილობრივი მარაგები იწურება. მსოფლიოში მე-2 უმსხვილესმა იმპორტიორმა - ინდონეზიამ. ამ თვეში შავი ზღვიდან მხოლოდ 60,000 ტონა მიიღო (გასული წლის სექტემბრის ნახევარი მილიონი ტონის სანაცვლოდ). ინდონეზიელი ფქვილის მწარმოებლები იძულებულნი არიან ალტერნატივებს მიმართონ და ავსტრალიურ ხორბალში 20%-ით – 25%-ით მეტს იხდიან, ვიდრე ადრე შავი ზღვის ტვირთებში იხდიდნენ.

მსოფლიოს უმსხვილესი მყიდველი - ეგვიპტე - სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთისა და უკრაინისგან შარშანდელი მოცულობის მეათედზე ნაკლებს მიიღებს. ეგვიპტის მომარაგების სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა წყაროების დივერსიფიკაციას ახდენს და საფრანგეთსა და ევროპის სხვა მომწოდებლებს მიმართავს.

ექსპერტების შეფასებით, კონკურენცია საზღვაო ტვირთებზე წლის ბოლომდე, სამხრეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამდე გაძლიერდება, მანამდე კი ხორბლის მსოფლიო ბაზარზე მაღალი ფასები შენარჩუნდება.