თბილისი (GBC) - საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და $263.3 მლნ შეადგინა მაშინ, როდესაც 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებელი $260.3 მლნ იყო.

2024 წელის ქართული ღვინის TOP5 საექსპორტო ბაზარი:

  • რუსეთი - $176.26 მლნ;
  • პოლონეთი - $15.17 მლნ;
  • ყაზახეთი - $9.76 მლნ;
  • ჩინეთი - $8.2 მლნ;
  • გერმანია - $5.57 მლნ.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) UN Comtrade-ს კვლევის თანახმად, 2000 – 2023 წლებში 1 ლიტრი ქართული ღვინის ყველაზე დაბალი საშუალო საექსპორტო ფასი პოლონეთში იყო და იგი შეადგენდა 6.78 ლარს, ასოციაციის ცნობით, პოლონეთში ქართული ღვინის მთლიანი ექსპორტის 6,7% გადის. შემდეგი ქვეყანაა რუსეთი, სადაც მოცულობით გადის ყველზე ბევრი ღვინო – მთლიანი ექსპორტის 69.6%. ამ ქვეყანაში გასული 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი საკმაოდ დაბალია და 7.26 ლარს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს რუსეთში ყველაზე მეტი რაოდენობის ღვინო შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს (კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):

  • სს ბადაგონი;
  • შპს "წინანდლის ძველი მარანი";
  • შპს GVMT Group;
  • შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
  • შპს ასკანელი ძმები;
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
  • შპს კახური ღვინის მარანი;
  • შპს კომპანია ბესინი;
  • შპს შალვინო.

2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2024 წლის ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო ღვინის მწარმოებელი 600 დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი.