თბილისი (GBC) - Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორ როლფ უერნერმა ქართველ ჟურნალისტებს ოთხშაბათს უთხრა, რომ Nokia საქართველოში 4G და 5G ქსელების განვითარებისთვის ინვესტიციის გაზრდაზე ფიქრობს. მანვე აღნიშნა, რომ "საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა Nokia-ს რეგიონული განვითარებისთვის".

"ვფიქრობ, საქართველოში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ და კომუნალურ და, რა თქმა უნდა, ციფრულ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა Nokia-ს ევროპის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა.

მისვე თქმით, Nokia ძალიან მოწადინებულია, რომ საქართველოში 4G და 5G ქსელის განვითარებაში მეტი ინვესტიცია ჩადოს, განსაკუთრებით, მობილური ინფრასტრუქტურისთვის.

"ვხედავთ შესანიშნავ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ახალგაზრდა მოსახლეობაა, რომლებიც განათლებისკენ მიისწრაფვიან, გაქვთ კარგი უნივერსიტეტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მომავალი ნამდვილად საქართველოშია.

ჩვენ ციფრული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიების პროვაიდერები ვართ, განსაკუთრებით მობილური ქსელებისთვის. მრავალი მომხმარებელი გვყავს აქ, საქართველოში, მობილური ოპერატორების სახით. ვემსახურებით მათ მობილური ინფრასტრუქტურის 4G, 5G და ერთ დღეს, შესაძლოა, 6G ქსელის განვითარებაში. ჩვენ არა მხოლოდ აქ ვართ, არამედ მთელ რეგიონში, ბევრ ქვეყანაში, მაგრამ საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია", - თქვა დოქტორ როლფ უერნერმა.

„ნოკია“ (Nokia) — ფინური ტექნოლოგიური გიგანტი — საქართველოში ოფიციალურად ოპერირებით 2021 წელს დაინტერესდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილული იყო კომპანიის გეგმები ციფრული ინფრასტრუქტურის, 5G ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებით.