თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტ ინგმინ იანგს, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, მიმდინარე და საშუალოვადიან პროგნოზებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია, ბანკის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები.
ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც ADB-ის შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.
თავის მხრივ, ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ ისე რეგიონულ ჭრილში და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
6 ოქტომბერს ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11 კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას.
გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6 კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს ჭოროხის მდინარეზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.