თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.25 პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (14.4%), ისე ტანსაცმლის (3.8%) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%), ზეთი და ცხიმი (1.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6%), პური და პურპროდუქტები (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-5.3%), თევზეული (-2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3%);

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.18პ.პ შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.6%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.8%-ით, რაც 0.3პ.პ-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (24.5%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (1.8%);

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.6%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0.26პ.პ-ით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.4%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.8%);

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25პ.პ-ით აისახა. ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე (10%), საშუალო განათლებაზე (5.8%) და უმაღლეს განათლებაზე (2.8%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.22პ.პ-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.1%);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47პ.პ-ით აისახა.