თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს $1 333.8 მლნ შეადგინა, რაც 29.9%-ით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2019-2024 წლებში.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ $483.7 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ $1 170.6 მლნ შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლებია.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, 58.2% შეადგინა.
პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 33.6%-ით, მეორეზე - მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 11.4%-ით.
ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა.
საქსტატის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2024 წელს 63.9% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $526.5 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $170.2 მლნ-ით (12.8%), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი $155.3 მლნ-ით (11.6%).