თბილისი (GBC) - 2026 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ცნობით, ივნისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი რაოდენობრივად 7.9-ჯერ, ხოლო ღირებულებით 12-ჯერ შემცირდა. თურქეთის ბაზარზე გენერაციის ზრდა კარგმა ჰიდროლოგიამ და მზის ელექტროსადგურების ინტენსიურმა მშენებლობამ განაპირობა.
„ექსპორტმა თურქეთში შეადგინა 24.0 გვტ.სთ და $0.7 მლნ, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.8 აშშ ცენტი (-34.4% წ/წ). ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომლის მიზანიც ძველი ვალის დაბრუნება იყო“, - აღნიშნულია კვლევაში.
Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო ფასმა ივნისში 2.9 აშშ ცენტი/კვტ.სთ შეადგინა (წლიურად -34.4%, თვიურად +61.1%). ასეთმა დაბალმა ფასმა ექსპორტის ეკონომიკური მიმზიდველობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ვინაიდან ექსპორტიორებს გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ (ჯამში 1.5 ცენტი). შედეგად, თურქეთმა საქართველოდან ელექტროენერგიის კომერციულ იმპორტზე უარი თქვა.
ივლისის დინამიკა და აღდგენილი ექსპორტი
ვითარება ივლისიდან შეიცვალა - თურქეთის ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე (1-20 ივლისის საშუალო მაჩვენებლით: 6 აშშ ცენტი/კვტ.სთ), საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6 ივლისს განახლდა.
2026 წლის ივლისში ექსპორტიორი კომპანიების ჩამონათვალში არიან:
- „აჭარ-ენერჯი 2007“
- „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“
- „სვანეთი ჰიდრო“
- „კასლეთი 2“
- შპს „აისი“
- „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“
- ესკო
