თბილისი (GBC) - საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა 47,2% გლობალურ ქსელს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის იყენებს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მონაცემები 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებს მოიცავს. ინტერნეტში ჯანმრთელობის საკითხებს ყველაზე ხშირად (50%) 30-დან 59 წლამდე ადამიანები „სერჩავენ.“ 42,7%-ია ეს მაჩვენებელი 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელს შორის.

ქალებთან შედარებით, კაცებს ინტერნეტში ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოძიება ნაკლებად აინტერესებთ - მათი მხოლოდ 38% იყენებს გლობალურ ქსელს ამ მიზნით, ქალების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 55%-ს აჭარბებს.

ზოგადად კი, ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზანი (მომხმარებელთა თითქმის 95%) სოციალური ქსელებით და ინტერნეტ აუდიო/ვიდეო კავშირით სარგებლობაა. მიზნობრიობის მიხედვით მესამე ადგილზეა (50,4%) ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა, რასაც ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება მოსდევს.

შემდეგი მიზნები კი ასეთია: ონლაინ ახალი ამბების და ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა, საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა და სხვა.

jandacva.ge