თბილისი (GBC) - პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააფრთხილა მოკავშირეები, რომ უახლოეს თვეებში რუსეთმა შესაძლოა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ დრონებითა თუ რაკეტებით დარტყმები განახორციელოს და აღნიშნული ინციდენტები „შემთხვევითობად“ გაასაღოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

პოლონეთის პარლამენტში გამოსვლისას ტუსკმა აღნიშნა, რომ NATO-ს, უკრაინისა და პოლონეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში „ყველაზე სავარაუდო სცენარი“ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებაა, როგორც უკრაინის, ისე მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით პოლონეთის წინააღმდეგ.

პოლონეთის პრემიერის შეფასებით, კრემლის სტრატეგიული მიზანი „NATO-ს ერთიანობის დასუსტება“ და წევრი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ალიანსის მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ უფრო თეორიული ცნებაა, ვიდრე პრაქტიკულად მომუშავე მექანიზმი. რუსული ჰიბრიდული თავდასხმები, ჯაშუშობა და საჰაერო სივრცის დარღვევები სწორედ იმ ზღვარს ამოწმებს, თუ რა ჩაითვლება პირდაპირ შეიარაღებულ თავდასხმად.

„არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ დრონები ან სხვა ტიპის რაკეტები აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე NATO-ს ერთ ან რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრას და ზიანი მიაყენოს. ოფიციალური ნარატივი კი იქნება ის, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და არავის აქვს საფუძველი, NATO-ს მხრიდან რაიმე სახის საპასუხო რეაგირება განიხილოს“, - განაცხადა ტუსკმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა დასავლეთში არსებულ პოლიტიკურ განწყობებზეც და აღნიშნა, რომ ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში ყველა პოლიტიკოსი არ არის მზად მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესასრულებლად. ტუსკის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი „უბრალოდ მიზეზს ელოდება“, რათა კონფლიქტის შემთხვევაში პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვაზე უარი თქვას.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი თვეები უკრაინისთვის „ტრაგიკულად კრიტიკული“ იქნება. მოსალოდნელია, რომ რუსეთი გააძლიერებს მაღალი ინტენსივობის იერიშებს უკრაინის მსხვილ ქალაქებზე, საწყობებზე, რკინიგზის ინფრასტრუქტურასა და თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტებზე.

ბოლო პერიოდში მსგავსი თავდასხმები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა დასავლეთ უკრაინაში, პოლონეთის საზღვართან ახლოს, სადაც რუსეთმა რეაქტიული დრონების გამოყენება გაზარდა.