თბილისი (GBC) – ყაზახურმა ფინტექკომპანია Kaspi.kz-მა თურქეთში სრულად ლიცენზირებული ბანკის Rabobank A.Ş. შეძენის გარიგება დაასრულა. კომპანიის განცხადებით, აქტივის შეძენის გეგმების შესახებ 2025 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, მოგვიანებით კი თურქეთის მარეგულირებლის თანხმობაც მიიღო.
Rabobank A.Ş.-ს ფილიალების ქსელი არ აქვს და საცალო დეპოზიტებს არ ემსახურება. Kaspi.kz-ში აცხადებენ, რომ გარიგების მთავარი ღირებულება ბანკის ლიცენზიაა, რომელიც კომპანიას თურქეთში საკუთარი ფინანსური სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
გარიგება Kaspi.kz-ის თურქეთის ბაზარზე გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. კომპანიამ 2025 წლის დასაწყისში თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-მარკეტპლეისის Hepsiburada საკონტროლო პაკეტიც შეიძინა. ამის შემდეგ Kaspi.kz-მა არაერთხელ განაცხადა, რომ ყაზახეთში წარმატებით დანერგილი ეკოსისტემის – გადახდების, ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების ერთიან პლატფორმაზე გაერთიანებული მოდელის განვითარებას თურქეთშიც გეგმავს.
Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ განაცხადა, რომ გარიგების დასრულება კომპანიისთვის თურქეთში ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ჩვენ ვაპირებთ, გადახდების, ელექტრონული კომერციისა და ფინტექის სფეროში დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენოთ, რათა თურქი მომხმარებლებისა და მეწარმეებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობები შევქმნათ“, – აღნიშნა ლომთაძემ.
მისი თქმით, კომპანია თურქეთის ბაზარზე მიმდინარე ეტაპს გრძელვადიანი განვითარების დასაწყისად განიხილავს.
