თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე „იგლ ჰილსის" პროექტის ფარგლებში ბინების წინასწარი გაყიდვების სტატისტიკა წარადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრწანისის ტერიტორიაზე სულ გაყიდული 257 ბინიდან უმეტესობა - 147 ბინა - საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინეს, ხოლო 110 ბინა უცხოელებზე გასხვისდა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული ე.წ. „არაბიზაციის“ პროცესი არ დადასტურდა, რადგან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა 257-დან მხოლოდ 8 ბინა შეიძინეს.

კობახიძის თქმით, ოპონენტების პროგნოზები ფასებთან დაკავშირებითაც მცდარი აღმოჩნდა: მაშინ, როცა ოპოზიცია 15,000-დოლარიან ფასს აანონსებდა, გარემონტებული ბინების საწყისმა ფასმა 1,650 დოლარი შეადგინა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონ ლარს მიიღებს. პრემიერის განცხადებით, პროექტი ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის წახალისებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.