თბილისი (GBC) – მცხეთა–თბილისი–მცხეთის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა ერთი თვის განმავლობაში უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მცხეთის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მცხეთის მერიის ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივები ეხმიანებიან და მადლობასთან ერთად, უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ, მუნიციპალური ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის გამო. მათი თქმით, ძირითადად ისეთ პრობლემებს აწყდებიან, როგორიცაა ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკის დარღვევა, მიკროავტობუსებში ანტისანიტარია. მაგალითად: ლისში, სადაც ავტობუსი მცხეთიდან ორ საათში ერთხელ დადის. ანალოგიური პრობლემაა ქანდაშიც, წილკანშიც. აქ ტრანსპორტის გრაფიკი მოუწესრიგებელია. ბოლო მიკროავტობუსი სოფლის მიმართულებით, საღამოს 9 საათზე გადის თბილისის ავტოსადგურ „ოკრიბადან“.
საზოგადოების რეაქცია:
„თუ შეიძლება მცხეთის რაიონის სოფლებიც გაითვალისწინეთ... ადრე დადიოდა მიკროავტობუსი, მერე გამოგვიცხადეს, რომ არ გვიღირსო. საშინელ დღეში ჩააგდეს ის მოსახლეობა, რომელიც მცხეთაში მუშაობდა და ბავშვები, რომლებიც: ინგლისურის წრეზე, ცურვაზე, ცეკვაზე, მუსიკაზე დადიოდა მცხეთაში. ბავშვები დასვეს სახლში... ეს რეალობაა დღეს წეროვანში, გოროვანში, ჩარდახში არ ვივლით წადით და სადაც გინდათ იჩივლეთო... აბა ვის მივმართოთ ამ განუკითხავ სისტემაში? იქნებ მოგვხედოთ და სოფლები რაიონს დაუკავშიროთ?“ , – წერს ერთ–ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
„ძალიან კარგია და ბევრ მოწონებასაც იმსახურებთ ამდენი წლის თხოვნის მერე. მაგრამ ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა. მცხეთაში სადგურის უბანი მაინც რჩება მოწყვეტილი რეალობას. მაგალითად: ტრანსპორტამდე სანამ მიაღწევს ადამიანი ან ძაღლები დაკბენენ, დაიღლება და ისევ გამვლელ სამარშრუტო ტაქსს გაჰყვება. საათში ერთი ავტობუსი არაა საკმარისი“.
„იქნებ სოფელ ლისშიც დაამატოთ ერთი მიკროავტობუსი, აქ ორ საათში ერთხელ დადის“.
„ძალიან სასიხარულოა და მისასალმებელი, მაგრამ საათში ერთხელ ტრანსპორტის სიარული არ ნიშნავს ამ პრობლემის გადაჭრას“.
„საგურამოს მხარესაც ეღირსოს იქნებ ტრანსპორტი. საათობით გაურკვევლად ლოდინი რომ არ დასჭირდეს მგზავრს. 6 საათის მერე ვერ წახვალ თბილისისკენ და 8 საათის მერე თბილისიდან ვერ წამოხვალ საგურამოში“.
„იქნებ წილკანშიც გვეღირსოს მსგავსი მიკროავტობუსები . გაითვალისწინეთ, გვჭირდება“, - ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში შემდეგი მიმართულებებით განახორციელებს გადაადგილებას:
N1 მარშრუტი, ნარეკვავიდან არმაზის და არმაზიდან ნარეკვავის მიმართულებით.
N2 მარშრუტი, მცხეთიდან თბილისისკენ ნარეკვავის დასახლებიდან გავა და თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.
თბილისიდან ტრანსპორტი იგივე მარშრუტს განახორციელებს მცხეთის მიმართულებითაც.
შიდა და საქალქთაშორისო ტრანსპორტი ქალაქ მცხეთაში არსებულ ყველა გაჩერებაზე გაჩერდება, ხოლო მცხეთა-თბილისის მიმართულებით N2 ავტობუსი გაჩერდება შემდეგ ლოკაციებზე:
1. ,,თბილისი მოლის“ გადასასვლელ ხიდი,
2. აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები,
3. შავი ზღვის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს (გადასასვლელი ხიდი),
4. დიდი დიღმის გადასასვლელი (გუდვილი),
5. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და ცესკო
6. საქალაქო სასამართლო.
თბილისიდან მცხეთისკენ მომავალი ავტობუსი აღმაშენებლის ხეივანზე გაჩერდება:
1. დიღმის ტყე პარკი (,,მარი მარკეტის“ მიმდებარედ),
2. ღუდუშაურის საავადმყოფოს ჩასასვლელი (ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ),
3. შავი ზღვის უნივერსიტეტი (ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარედ),
4. აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მოპირდაპირედ,
5. ,,თბილისი მოლი“.