თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მზად არის, მოწვევის შემთხვევაში, ბრიუსელში გაფრინდეს. "ვინც მეტყვის - ევროკომისარი იქნება, თუ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ნებისმიერ მათგანთან მზად ვარ დისკუსიისთვის", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ ევროპის კავშირიდან პასუხი "საბჭოური მიდგომაა". 

კობახიძის შეფასებით, როგორც ადრე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები იგზავნებოდა, ასე აგზავნიან დეპეშებს  ევროპის კავშირიდან და "არც გესაუბრებიან”.

„სად დგას და სად არის პრობლემა? - ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსთან მზად ვართ დისკუსიისთვის... მეტი რა არის საბჭოური მიდგომა? - როდესაც არც არაფერზე გესაუბრებიან და ცარიელი ულტიმატუმებით მოდიან, ფოსტით ულტიმატუმებს გიგზავნიან. როგორც ადრე, საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები იგზავნებოდა, ასე დეპეშას აგზავნიან და არც გესაუბრებიან. ეს ხო საბჭოთა მიდგომა? ეს ხომ არის იგივე ინკვიზიციური მიდგომა? - რაც შუა საუკუნეებში თითქოს ევროპამ დატოვა და ეს ყველაფერი თითქოს წარსულს გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან ჩაბარდა, მაგრამ რა სტანდარტებიც ადრე იყო, იგივე სტანდარტები დღეს ევროკავშირში რატომღაც დაბრუნდა.

ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატია არ შეიძლება საკუთარ თავს უყურებდეს, როგორც საკავშირო ხელისუფლებას. ჩვენთვის ევროკავშირი საკავშირო ხელისუფლება ვერ იქნება! ჩვენ საკავშირო ხელისუფლების სტანდარტი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ საკავშირო ხელისუფლება არ გვჭირდება! ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი, სამართლიანი პარტნიორული მიდგომა, მათ შორის საუბარი. როდესაც მართალი ხარ, ნებისმიერ ადამიანს ესაუბრები ხო? - ჩვენ მართლები, რომ ვართ, ამიტომ ვამბობ, რომ დღეს გავფრინდები ბრიუსელში, თუ ეს საქმეს სჭირდება და თუ ამის ინტერესი არსებობს.

...საერთოდ არაფრისთვის ქვეყანა აწვალეს, მისი განვითარების შეფერხება სცადეს და ამას აკეთებდა ერთ-ერთი ევროკავშირის ელჩი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელჩი. შემდეგ ეს ყველაფერი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა, ეს ქვეყანა არ მოასვენეს. მათ იციან, რომ მათ მხარეს სიმართლე არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან დისკუსიის არ შეეშინდებოდათ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად, დისკუსიას გაურბიან, საბჭოური მიდგომით მოქმედებენ”, - განაცხადა კობახიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშილმა, 14 ივლისს, ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორისგან მიიღო 8 პუნქტიანი წერილი, სადაც შავით თეთრზე დაიწერა, ის, რაზეც მანამდე ევროპარლამენტარები საუბრობდნენ, რომ "საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს". 

წერილში დირექტორატი მოითხოვს, განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, აგვისტოს ბოლომდე. საუბარია რვა რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელთა შორისაც არის:

  • უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • არ მიიღოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და წინააღმდეგობაშია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები;
  • შეუსაბამოს საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სიას სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ;
  • გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით;
    შექმნას აქტივები დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და განკარგვის კუთხით;
  • მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას;
  • შეცვალოს კანონი ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში;
  • შეუსაბამოს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“ ამ რვა პუნქტიდან რომელიმე ერთის შესასრულებლად მაინც.