თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აცხადებს, რომ ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-სთან თანამშრომლობა ქვეყნის საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ განიხილება SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად.
"ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემასთან (CIPS) თანამშრომლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ახალ შესაძლებლობებს ქმნის სისტემაში ჩართული ბანკებისთვის, გააუმჯობესონ გადარიცხვების ეფექტიანობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობით დაკავებული კომპანიებისთვის. კერძოდ, CIPS სისტემით შესაძლებელია შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე პირდაპირი ტრანზაქციები იუანით, რაც ამცირებს ხარჯებს გადახდის განხორციელების დროს. ეს იქნება დამატებითი არხი, რომ ქართული და ჩინური ბანკების ურთიერთგადარიცხვები იუანით გახდეს უფრო გამჭვირვალე, პირდაპირი და ხარჯთეფექტური, ხოლო თავად გადახდების პროცესი კიდევ უფრო მდგრადი და საიმედო. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იქნება დამატებითი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციურ განცხადებებს, რომ CIPS თითქოსდა SWIFT - ის ალტერნატივაა და მას ჩაანაცვლებს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იგი არ წარმოადგენს SWIFT -ის ალტერნატივას. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივნისის მონაცემებით, CIPS - ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900 -ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით.
CIPS ძირითადად ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS -ს განვიხილავთ მხოლოდ როგორც გადახდების დამატებით საშუალებას, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს და არა - SWIFT-ის ჩამნაცვლებელ სისტემას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც უკავშირდება SWIFT-ის რომელიმე სისტემით, მათ შორის CIPS-ით ჩანაცვლებას, სრული დეზინფორმაციაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის SWIFT - თან ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს SWIFT - ის ახალი ფორმატის - ISO 20022 დანერგვას ქართულ საბანკო სისტემაში, ხელმძღვანელობს SWIFT - ის ეროვნული ჯგუფს საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს SWIFT - ის ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალობის საპილოტე პროგრამებში. ეს პარტნიორობა ათწლეულებს მოიცავს და მომავალშიც უცვლელად გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის მაღალი ხარისხის ინტეგრირებულობას გლობალურ საფინანსო ინფრასტრუქტურასთან", - ვკითხულობთ სების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა არის CIPS?
CIPS (China's Cross-Border Interbank Payment System) - არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).
CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. ამით CIPS წარმოადგენს ალტერნატივას SWIFT-ს მსგავს სისტემებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.
მიმდინარე წლის 8 ივლისს, ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი მწვავე რეზოლუცია დაამტკიცა. 490 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის, SWIFT-იდან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა.