თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით ახალ მასშტაბურ რეფორმას გეგმავს. ახალი გეგმის სამუშაო განხილვა უწყებაში უკვე გაიმართა, რომელსაც მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ძირითადი ღონისძიება იგეგმება, რაც მომხმარებლის ინფორმირებულობასა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ისახავს მიზნად:

  • 100%-ით ქართული რძის პიქტოგრამა: იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის დანერგვა, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი სრულად ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული.
  • მცენარეული ცხიმების მარკირება: სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე.
  • სავაჭრო სივრცეების გამიჯვნა: სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულ თაროებზე განთავსდება.

„ჩვენი მიზანია მომხმარებელმა მკაფიოდ განასხვაოს პროდუქტები და იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს. არ ვზღუდავთ არცერთ პროდუქტს, პირიქით, ვაძლიერებთ ქართულ რძის სექტორს და ვეხმარებით ფერმერებს განვითარებაში. ვზრდით სახელმწიფოს თანამონაწილეობას, რათა მცირე მეურნეობებიდან გადავიდეთ უფრო განვითარებულ, თანამედროვე ტიპის ფერმერულ მეურნეობებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კონტროლის გამკაცრება და ტრადიციული ბრენდების პოპულარიზაცია

გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას ეთმობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს გაამკაცრებს HoReCa (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორში, აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში. ამასთანავე, გადაიხედება შესაბამისი რეგულაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეგისტრაციის სტატუსის არასათანადო გამოყენება.

პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს ქართული ტრადიციული პროდუქტების, მათ შორის ყველისა და მაწვნის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების პოპულარიზაციას.

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ინიციატივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კონტროლის გაძლიერება როგორც ვაჭრობის სხვადასხვა რგოლში, ისე საწარმოებში, რათა გამოირიცხოს ფალსიფიკაციის შემთხვევები. თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა ბალანსის დაცვა, რომ არცერთი სტანდარტებთან შესაბამისი პროდუქტი არ დაიჩაგროს.

სამინისტრო რეფორმის ეტაპობრივ დანერგვას გეგმავს, რათა ორგანიზებული და საცალო ვაჭრობის სივრცეების სრულფასოვანი მოწესრიგება უზრუნველყოს.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი და სხვა ხელმძღვანელი პირები.