თბილისი (GBC) – „საქართველოს რკინიგზა“ 45 თანამედროვე სატვირთო ელმავლის შესყიდვას გეგმავს, რის შემდეგაც კომპანიის სალოკომოტივო პარკი სრულად განახლდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით ₾1 მლრდ-ია.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, აღნიშნული შესყიდვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბისაა.

„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომოტივო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები, გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო ტენდერში მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები ფასი, ხარისხი და გამოცდილება იქნება. აბაშიძის თქმით, პროექტის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ტენდერში გამარჯვების შესაძლებლობა მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებს ექნებათ.