თბილისი (GBC) - საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარმასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხების განხილვა იყო.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა ისეთი რეგულაციის შემუშავებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის სამინისტროებისთვის, მათი სისტემაში შემავალი უწყებებისთვის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, თვითმმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვის აკრძალვა. ეს ნაბიჯი პლასტიკის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.
უწყების ცნობით, საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებს. სექტორისთვის მისაღები პირობებისა და გამოწვევების გასაანალიზებლად შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნივთს – ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, კოვზს, ჩანგალს, დანას, საწრუპს, თეფშსა და სასმლის მოსარევს – მოიხმარს, რაც 3,9–5,9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.