თბილისი (GBC) – გალტ&თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში ოქროს ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - ერთ უნციაზე თითქმის $2,790-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ამჯერად მატება ცენტრალური ბანკების ნაცვლად საცალო და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორების დამსახურება იყო. თვის განმავლობაში მთავარი თემები დასავლეთის ქვეყნების ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა, განაკვეთების შემცირება და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

ოქროს მსოფლიო კავშირის (WGC) ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ოქროზე მოთხოვნამ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია, როგორც მოცულობაში (1,313 ტონა), ისე ღირებულებაში ($100 მლრდ-ზე მეტი). ზრდა ე.წ. FOMO (fear of missing out) ფაქტორის შედეგი იყო, რადგან ბოლო თვეების ოქროს ფასის განგრძობითი ზრდა ბევრ ახალ ინვესტორს უბიძგებს ვაჭრობისკენ. ამასთან, მაღალმა ფასებმა ცენტრალური ბანკების შესყიდვები შეამცირა, თუმცა ინვესტორთა ახალი ტალღა საკმარისი აღმოჩნდა ამ ფაქტორის გადასაწონად.

გალტ&თაგარტის ინფორმაციით, დამატებით, მსხვილ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ციკლი გრძელდება. ნოემბერში ფედერალურმა რეზერვმა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. უახლესი პროგნოზის მიხედვით, აშშ-ში განაკვეთები კიდევ 25 საბაზისო პუნქტით შემცირდება დეკემბერში და კლება გაგრძელდება 2025 წელსაც. დაბალი განაკვეთები ოქროსთვის დადებითი ფაქტორია, რადგან მეტ კონკურენციას უწევს დაბალგანაკვეთიან სახაზინო ობლიგაციებს.

ამავდროულად,  აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებამ და მის მიერ გაცხადებულმა რეფორმებმა (გადასახადებზე, მიგრაციასა და იმპორტის ტარიფებზე) შესაძლოა ინფლაციური წნეხი და ფისკალური დეფიციტის მატება გამოიწვიოს, რაც სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდაში აისახება, და შესაბამისად ოქროზე მოთხოვნა შესაძლოა შეასუსტოს.  თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა და პოტენციურმა სატარიფო ომმა ძვირფასი მეტალისადმი მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე უნდა შეინარჩუნოს.