თბილისი (GBC) – “2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წელს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს. მოსახლეობის სუფთა და ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთია, რომლის მიღწევაც მსოფლიოს 193 ქვეყანამ დაისახა მიზნად. მათ შორის არის საქართველოც. ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

"ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2012-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ₾1.5 მილიარდი გამოიყო და 48 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი. 2021-2025 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო პროექტებში 2.5 მლრდ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თანხების დახარჯვის მიუხედავად, სამუშაოები ხარვეზებით სრულდება, პროექტი განსაზღვრულ ვადებში არ მთავრდება და მოსახლეობა კვლავ უწყლოდ რჩება. მსგავსი შემთხვევების შესახებ ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა. ამგვარი სამუშაოების მაგალითია გორის, საგარეჯოსა და ლანჩხუთის მერიების მიერ განხორციელებული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ბიუჯეტიდან თანხები დაიხარჯა, თუმცა პროექტები რიგი პრობლემებით ხასიათდებოდა და მოსახლეობას წყალზე წვდომის პრობლემა ჰქონდა.

ამჯერად დედოფლისწყაროს პროექტზე გიამბობთ, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერაც დაუსრულებელია.

2023 წელს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 6 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობდა, რომელთა დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, სამუშაოების დასრულების შედეგად კი 7,500-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით, ხოლო 15,000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით.

ერთ-ერთი ამგვარი პროექტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო, როდესაც შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 13,512,463 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი) წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა იყო.

ტენდერში მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში კომპანია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბა”-მ გაიმარჯვა, რომელმაც შემსყიდველს სამუშაოების განხორციელება 10,999,997 ლარად შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთმა კომპანიამ უფრო დაბალი ფასის შეთავაზება განახორციელა, თუმცა ტენდერიდან მისი დისკვალიფიკაცია მოხდა.

"ფლანგვის დეტექტორი"-ს ინფორმაციით, კომპანიასა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ხელშეკრულება 2021 წელს გაფორმდა და თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას საპროექტო მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაესრულებინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები – 12 თვეში. ჯამში სრულიად ვალდებულებების შესასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას 18 თვე ჰქონდა. ე.ი. სამუშაოები 2022 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო.

კონტრაქტის გაფორმებიდან დღემდე ხელშეკრულებაში 14-ჯერ შევიდა ცვლილება. მათ შორის ცვლილებები შეეხებოდა სამუშაოების დასრულების ვადებს. ბოლოს ხელშეკრულებაში ცვლილებები 2024 წლის 31 მაისს განხორციელდა. ბოლო ცვლილების შედეგად კვლავ გადაიწია სამუშაოების დასრულების თარიღმა და მიმდინარე მონაცემებით სამუშაოების დასრულება 2024 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

სამუშაოების დასრულების ცვლილებების ისტორია

  1. სამუშაოების დასრულების ვადა პირველად 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა, როდესაც დედოფლისწყაროს სამ სოფელში: საბათლო, სამთაწყარო და ფიროსმანში სამუშაოების დასრულების ვადამ 12 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე გადაიწია.
  2. მიუხედავად სამუშაოების დასრულების 4 თვით გადაწევისა, ის დაგეგმილ დროს მაინც ვერ დასრულდა და ნაცვლად იმისა, რომ შემსყიდველს კომპანიისთვის პირგასამტეხლო დაეკისრებინა, 2023 წლის იანვარში წყალმოამრაგების კომპანიამ კვლავ გადაუწია მიმწოდებელს სამუშაოების დასრულების თარიღი და ის 2023 წლის 30 მარტით განისაზღვრა.
  3. 2023 წლის 30 მარტს, ნაცვლად დასრულებული სამუშაოების ჩაბარებისა, წყალმომარაგების კომპანიამ ისევ გადაუწია დასრულების თარიღი მიმწოდებელს და სამუშაოების დასრულების ახალ ვადაც 2023 წლის 30 მაისი განისაზღვრა. ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო არც ამ ჯერზე დაკისრებია კომპანიას.
  4. 2023 წლის მაისში ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების თარიღად 2023 წლის 31 ივლისი განისაზღვრა.
  5. 2023 წლის 31 ივლისს ხელშეკრულებაში მორიგი ცვლილება შევიდა და სამუშაოების დასრულების ვადად 2023 წლის 31 ოქტომბერი განისაზღვრა. არც ამ შემთხვევაში დაკისრებია კომპანიას პირგასამტეხლო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო.
  6. 2023 წლის 31 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შევიდა რიგით მეათე ცვლილება, რომელიც უკვე მეექვსედ ცვლიდა სამუშაოების დასრულების ვადას და ის 2023 წლის 20 დეკემბრით განისაზღვრა.
  7. უკანასკნელი  4 ცვლილება კი  ისევ  ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევას ეხებოდა, რომლის თანახმადაც საბოლოო თარიღად  2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

საყურადღებოა რომ სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა ყველა შემთხვევაში შაბლონური პროცედურით ხორციელდებოდა, რა დროსაც წყალმომარაგების კომპანიისა და მიმწოდებელი კომპანიის დირექტორები თანხმდებოდნენ ვადის გადაწევაზე, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, რომელთა შინაარსიც ჩვენთვის უცნობია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას უკვე ჩარიცხული აქვს სახელშეკრულებო თანხის 78% (8,570,000 ლარი), თუმცა კომპანიის საიტზე დედოფლისწყაროს პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარე პროექტებშია მითითებული და თარიღების მუდმივი ცვლილებების ისტორიის  გავითვალისწინებთ უცნობია, კიდევ რამდენ ხანს იქნება მიმდინარე პროექტების სიაში.

კომპანიები

ამხანაგობა “ჯეითუნ საქართველოს ფილიალი და შპს საბას” ,რომელიც წყალმომარაგების სამუშაოებს ახორციელებს, 14 სახ. შესყიდვაში აქვთ მონაწილეობა მიღებელი. სახ. სტრუქტურებთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება ჯამში 64 მილიონ ლარზე მეტს (64,533 037.5 ლარი) შეადგენს.

ამხანაგობა, რეალურად ერთობლივი საქმიანობის 2 კომპანიას აერთიანებს, ჯეითუნ საქართველოს ფილიალს და შპს საბას. მიმდინარე მონაცემებით, ჯეითურ საქართველოს ფილიალის მესაკუთრე თურქული კომპანია სააქციო საზოგადოება ჯეითუნ ინშაათ სანაი ვე თიჯარეთ-ია.

შპს საბა 2006 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში აქტიურ მონაწილეობას 2014 წლიდან იწყებს. 2014-2022 წლებში კომპანიამ 13 ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 90 მილიონი ლარია (89,068,143.9 ლარი). კომპანიის ყველაზე მსხვილ შემსყიდველებს სწორედ საქართველოს წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს საბას მესაკუთრეები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან. კერძოდ არჩილ ხაბურძანია, რომელიც ამავე დროს “ჯეითუნ საქართველოს ფილიალს და შპს საბას” ამხანაგობის დირექტორიცაა, კომპანიის 33% წილს, ხოლო თენგიზ ნარსია 67% წილს ფლობენ.

დროის მოკლე ინტერვალში მიღებული კოლოსალური რაოდენობის სახელმწიფო შესყიდვებისა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების მიუხედავად, საჯარიმო სანქციების გამოუყენებლობა აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მათ მიმართ შემსყიდველ საჯარო უწყებებს ლოალური დამოკიდებულება გააჩნიათ. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ შპს საბას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან შვიდში მან უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა.

ადგილობრივი მოსახლეობის  წუხილი

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პრობლემის მოუგვარებლობა ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ დედოფლისწყაროს ერთ-ერთი მკვიდრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა ფლანგვის დეტექტორი აღნიშნული საკითხით, სადაც ზემოთ ნახსენები არა ერთი საეჭვო გარემოება გამოიკვეთა.

ადგილობრივებისთვის მიწერილ წერილში წყალმომარაგების კომპანია სამუშაოების დასრულების ვადად 2024 წლის იანვარს ასახელებდა და აღნიშნავდა რომ სამუშაოების უკვე დასრულების ეტაპზე იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ სამუშაოების დასრულების ვადამ კვლავ გადასწია და ის 2024 წლის 31 დეკემბრითაა განსაზღვრული.  წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობას უჩნდებოდათ გონივრული ეჭვი, რომ წყალმომარაგების სამუშაოები საუკეთესო შემთხვევაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დასრულდებოდა. თუმცა, აღნიშნული პრობლემა არც წინასაარჩევნო პერიოდში მოგვარებულა და მოსახლეობა კვლავაც ვერ სარგებლობს ხარისხიანი წყლამომარაგებით.

წყარო:

  1. სახ. შესყიდვის კოდი: NAT200016463
  2. შპს საბას სახ. შესყიდვები: https://shorturl.at/ijlvJ