თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და სლოვაკეთის გაზის კომპანიას Slovenský Plynárenský Priemysel (SPP) ოთხშაბათს მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ბუნებრივი გაზის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

შეთანხმებას ხელი მხარეებმა ბაქოში მიმდინარე COP29–ის ფარგლებში მოაწერეს. შეთანხმების მთავარი მიზანი სლოვაკეთისთვის ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების დივერსიფიცირებაა აზერბაიჯანული რესურსის ხარჯზე, რაც შეამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას ტრადიციულ მიმწოდებელზე.

ახალი შეთანხმება 2023 წლის აპრილში ინიციირებული მემორანდუმის გაგრძელებაა, როდესაც SOCAR–მა ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გააფორმა ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გაზის სატრანსპორტო სისტემების ოპერატორებთან. ეს მემორანდუმი აზერბაიჯანის მიერ ევროპის გაზმომარაგების მოცულობის ზრდას ითვალისწინებს მოდერნიზებული ქსელების მეშვეობით, რომელიც „სოლიდარობის წრის“ სახელით არის ცნობილი.

SOCAR-SPP–ის შეთანხმება თანხვედრაშია აზერბაიჯანის სტრატეგიასთან, რომელიც ევროპის ბაზარზე ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდას ითვალისწინებს. 2021 წელს აზერბაიჯანი ევროპას გაზის სამხრეთის დერეფნით 8 მლრდ კბ/მ გაზი მიაწოდა და ამ მოცულობის 12 მლრდ–მდე გაზრდას გეგმავს მიმდინარე წლის ბოლოსთვის. ამ მიზნების მიღწევის მიმართულებით სლოვაკეთთან გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან ნაბიჯად ასახელებენ ბაქოში. ეს შეთანხმება განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან წლის ბოლოს რუსეთ–უკრაინის კონტრაქტი ევროპის მიმართულებით რუსული რესურსის ტრანზიტის შესახებ ძალას კარგავს და უკრაინის ხელისუფლება აღარ აპირებს რუსულ გაზპრომთან აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელებას. ამის გამო ცენტრალური ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ ბუნებრივი გაზის ალტერნატიულ მიმწოდებლებს.

აზერბაიჯანი სლოვაკეთს ამ კონტრაქტის თანახმად წელიწადში რა მოცულობის გაზს მიაწვდის, ჯერ ოფიციციალურად არავის დაუკონკრეტებია, თუმცა SOCAR–თან დაახლოებული წყაროს ცნობით, საუბარი შეიძლება იყოს წლიურად 500 მლნ კბ/მ–ის მიწოდებაზე. დღეის მდგომარეობით აზერბაიჯანი ბუნებრივი გაზით ევროპაში საბერძნეთს, იტალიას, ბულგარეთს, უნგრეთს, რუმინეთს, ხორვატიას და სლოვენიას ამარაგებს.