თბილისი (GBC) - 2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, მოქალაქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელების და ლიდერების გარეშე. "ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს", - ვკითხულობთ "ტალღა" ს მიერ გავრცელებულ ანონსში.

"ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება!
გარდა ამისა, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას – ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, დოლები, უკულელეები და ნიღბები – ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება!

აქ ყველა ლიდერია – მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია, და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ.

შევხვდეთ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე!", - ვკითხულობთ დაგეგმილი აქციის აღწერაში. 

ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს სდევდა თან.

არჩევნების მეორე დღეს წინასწარი დასკვნა წარადგინა სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ეუთო/ოდირმა, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI).

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურაში დაბარების პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები. 

საქართველოს პრეზიდენტი არ გამოცხადებულა პროკურატურაში. 

პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.