თბილისი (GBC) – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დასრულდა ტერიტორიის გაწმენდა, მიმდინარეობს მიწის საექსკავაციო პროცესი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოსაწყობად ინერტული მასალები შეაქვთ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, პარალელურ რეჟიმში 35000 კვ/მ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი ბაქნის მშენებლობის სამუშაოები, რომლის სრული კვადრატულობა 55 000 კვ/მ-ს შეადგენს, ასევე მიმდინარეობს დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.

,,ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მიმდინარეობს ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. აღნიშნული მასშტაბის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველია. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მივიღოთ და მოვემსახუროთ მსოფლიოში ყველაზე დიდ გაბარიტიან საჰაერო ხომალდებს,-“განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა დაასრულა.