თბილისი (GBC) – სემეკმა ენგურს, ვარდნილს და საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემას (სსე) 2025 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი შეუცვალა. თუმცა, როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ეს ცვლილებები წელს საცალო (მოსახლეობა/ბიზნესი) ტარიფებზე არ აისახება.

სსე-ის ტარიფი გახდა კვტ.სთ-ზე 3.298 თეთრი, რაც წინა წლის 2.813 თეთრიდან 17.2%-იანი ზრდაა. ახალი ტარიფი ძალაში იქნება 2025 წლის 1 იანვრიდან, წლის ბოლომდე.

ენგურის და ვარდნილის ტარიფი სემეკმა 2 ნაწილად დაადგინა: 1) 2025 წლის 1 იანვრიდან ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, რომელიც ამ ეტაპზე 1 ივლისისთვისაა დაგეგმილი, ტარიფი იქნება ენგურისთვის კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრი და ვარდნილისთვის 5.111 თეთრი. 2) ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2026 წლის ბოლომდე კვტ.სთ-ის ტარიფი დაუბრუნდება წინა წლის დადგენილ ტარიფს - ენგურისთვის 2.412 თეთრს და ვარდნილისთვის 3.067 თეთრს.

ენგურისა და ვარდნილის ტარიფის ცვლილების მიზეზი იყო კანონში შესული ცვლილება, რის მიხედვითაც აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია აღარ შევიდა ტარიფის გაანგარიშებაში.