თბილისი (GBC) – პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხუთშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა რთველს მიმდინარე სეზონზეც დაასუბსიდირებს და ყურძნის შემგროვებელი ის კომპანიები, რომლებიც სულ მცირე 100 ტ რქაწითელს ჩაიბარებენ, 1 კგ–ზე 20 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. 

„გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, შეიქმნა ვენახების კადასტრი, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. საექსპერტო ბაზრების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა წლების განმავლობაში და რეკორდულ რაოდენობამდე გაიზარდა ექსპორტი, მოსავალი. ყველაფერი კეთდება, რომ დარგი წლიდან წლამდე განვითარდეს. წელს, საპროგნოზო მოსავალი შეადგენს 300 ათას ტონას.

რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც განხორციელდება, იმისათვის, რომ სრულად დაბინავდეს მოსავალი, ფერმერებმა ადეკვატური შემოსავალი მიიღონ და ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება. სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას, შედეგად კი 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება საშუალება, რომ შესყიდვა/გადამუშავება შეუფერხებლად განახორციელოს.

სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის პერიოდში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთში 100 ტონა რქაწითელს და 1 კგ-ის სანაცვლოდ არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის მევენახეს. სუბსიდია 1 კგ რქაწითელზე შეადგენს 20 თეთრს“, – თქვა პრემიერმა.