თბილისი (GBC) - ჯივიპიმ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს უკვე განახორციელა 15 მლნ ლარის ინვესტიცია, დაასრულა 25 სარეაბილიტაციო პროექტი და გააუმჯობესა საოპერაციო მაჩვენებლები.
დასრულებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ახლით შეიცვალა 14 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე, ასევე დასრულდა ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენის 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
"ჯივიპი აქუალიას 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ინტენსიურად განაგრძობს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ წყლის დანაკარგი და ნებისმიერი სახის ინციდენტი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეზღუდვა. სარეაბილიტაციო პროექტების პარალელურად მიმდინარე წელს განხორციელდება ხრამის სათავე ნაგებობის ელექტრომომარაგების ქსელის სრული რეაბილიტაცია და ალტერნატიული, სარეზერვო მომარაგების წყაროს უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ქალაქ რუსთავში, აღნიშნული მიზეზით გამოწვეულ წყალმომარაგების შეზღუდვებს." - ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.
ქსელების განახლების პარალელურად, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური განვითარების პროექტი მოიცავს ჯივიპის სერვისისა და საოპერაციო მაჩვენებლების გაუმჯობესებას. გაზრდილი ინვესტიციებისა და წყალმომარაგების სისტემის ეფექტური მართვისთვის განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქალაქ რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საოპერაციო მაჩვენებლები.
"მულტიფუნქციური ბრიგადების ჩართულობით გაიზარდა ჯივიპის ოპერატიულობა და შემცირდა ავარიულ დაზიანებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად გარდამავალი ინციდენტების რაოდენობა წყალმომარაგების ქსელზე 8-ჯერ, ხოლო წყალარინების ქსელზე 15-ჯერ შემცირდა; სარეაბილიტაციო პრეოქტების ფარგლებში, ქსელზე დამონტაჟდა 98 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რამაც მოგვცა შესაძლებლობა წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები საშუალოდ 70%-ით, ხოლო შეზღუდვის ხანგრძლივობა 35%-ით შეგვემცირებინა. აღსანიშნავია საძიებო-დიაგნოსტიკური სამუშაოები, რომელთა შედეგადაც აღმოვაჩინეთ და აღმოვფხვერით 1200-ზე მეტი ფარული ჟონვა და ქალაქ რუსთავში წარმოებული წყლის მოცულობა 19%-ით, ხოლო მოხმარებული ელექტრო ენერგია 22%-ით შევამცირეთ." - მიგელ ანხელ მაზო ესტებანეზი, ჯივიპის რუსთავის საოპერაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ინტენსიურად განაგრძობს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მოძველებული წყალმომარაგების ქსელების განახლებას და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას.