თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808" მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე - თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16.
ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მისამართებზე არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. ამასთან, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით/თვითნებურად, აწვდიან შემოსავლების სამსახურთან გადაუმოწმებელ/დაუზუსტებელ ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808"-ს უზრუნველყოს მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება.
აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს, მოქალაქეთა სერვისცენტრში მიუსვლელად, ელექტრონული დეკლარირების საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - "RS ჩათი" და "RS ბოტი" ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო-სატელეფონო ცენტრს 2 299 299.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და ნებისმიერი მათთვის საინტერესო ინფორმაცია გადაამოწმონ გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ უწყებასთან.