თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 101.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ  9.6% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის II კვარტალში 2.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები  (35.7%), განათლება  (21.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (11%), მშენებლობა (13%), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3%), სხვა სახის მომსახურება (-1.4%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.1%), მშენებლობა (8.4%), სახელმწიფო მმართველობა (7.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2%), განათლება (6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9%).