თბილისი (GBC) –  ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის 65% ჰიდროენერგიაზე მოდიოდა, ხოლო 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 4,5 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 69,5%-ს მიაღწია. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%–ის ათვისება ხდება დღეს ჰიდროელექტროგენერაციისთვის.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA) თავის ფბ–გვერდზე იმ 5 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა ელექტროგენერაციაში 90%–ზე მეტი უკავია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას:

2020 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის გენერაციაში განახლებადი ენერგიის 90%-ზე მეტ წილს მხოლოდ 5 ქვეყანა ფლობს. GREDA–ში აღნიშნავენ, რომ ყველა მათგანის ელექტროენერგეტიკულ მიქსში ჰიდროენერგიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

ნორვეგიაში ელექტროენერგიის 92% ჰიდროენერგიაზე მოდის. წყლის დაგროვების მნიშვნელოვანი რესურსით (86 ტვტ.სთ სიმძლავრის წყალსაცავები), ნორვეგია ევროპაში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ელექტროენერგიის მთავარი წყარო 71%-იანი წილით ქარის ენერგიაა, ქვეყანაში ცვალებადი ენერგიის დაბალანსება ჰიდროენერგიით ხდება, რომლის წილი 18.1%-ია. შოტლანდიაში ამჟამად 800-მდე ჰიდროელექტროსადგური ოპერირებს, 2003 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 163 იყო.

კოსტა-რიკას და ურუგვაის ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მწვანე ენერგიის გენერირების თვალსაზრისით წამყვანი ადგილები უკავიათ. კოსტა–რიკამ 67.5%-იანი, ხოლო ურუგვაიმ 30%-იანი ჰიდროენერგიის წილის მეშვეობით, მრავალფეროვანი განახლებადი ენერგორესურსების, მათ შორის ქარის, გეოთერმული, მზის და ბიომასის ენერგიის განვითარება და საკუთარ ქსელში ინტეგრაცია შეძლო.

45%-იანი წილით ჰიდროენერგია შვედეთში ელექტროენერგიის მთავარი წყაროა. ქვეყანაში დაახლოებით 100 წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურია. მათი მეშვეობით შვედები წყალს ინახავენ და დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის გენერაციისთვის იყენებენ. გარდა ამისა, კაშხლების საშუალებით, გაზაფხულის პერიოდში წყლის ნაკადის რეგულირების გზით, მოსახლეობას წყალდიდობებისგან იცავენ.