თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 17 სექტემბერს განაცხადა, რომ "2025 წლის ბოლოსთვის, პირველად ისტორიაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური მგზავრთნაკადი რეკორდულ მაჩვენებელს - 1,2 მლნ-ს გადააჭარბებს". ამის შესახებ მან კობახიძესთან ერთად, ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერების დროს თქვა.
ბათუმის აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავდა კრიტიკულ ზონებში, 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას, ასევე გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მგზავრთა დახვედრისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.
„2025 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 840,893 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე გაიზარდა ფრენების სიხშირე 45%-ით. ამჟამად, ბათუმის აეროპორტში ფრენებს ახორციელებს 22 ავიაკომპანია 24 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 160 სიხშირით. ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით აღნიშნული აეროპორტის ინფრასტრუქტურა საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდასა და გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს აქვს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს TAV Georgia - სთან, რათა ბათუმის აეროპორტმა განაგრძოს მდგრადად და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.
კომპანია TAV Georgia - მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის ასევე დამატებითი ტექნიკა შეიძინა.