თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალი აქვეყნებს კვირის მაკროეკონომიკურ განახლებას სათაურით, "ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია", სადაც საქსტატის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აპრილში მშპ-ის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა, რაც კვლავ აღემატება თიბისი კაპიტალის მოლოდინებს.
საინვესტიციო კომპანია მაისში წერდა, რომ წინასწარი ინდიკატორების უმეტესობა ეკონომიკური აქტივობის აჩქარებაზე მიუთითებდა. კერძოდ, მთლიანი უნაღდო დანახარჯებისა და არა-რეზიდენტების ხარჯების ზრდის დინამიკა, ხოლო მიგრანტებისა და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე გაწეულ დანახარჯებში მხოლოდ მცირე კლება შეინიშნებოდა.
აპრილის მდგომარეობით, კვლავ ძლიერი რჩება საკრედიტო აქტივობაც, თუმცა, განსაკუთრებით ინფლაციის გათვალისწინებით, ზრდის ნორმალიზების ტრენდი თებერვლიდან მოყოლებული აშკარაა როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნეს სექტორის დაკრედიტების დინამიკაში. მეორე მხრივ, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება ექსპორტის მიმართულებით.
ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გააუმჯობესა, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში ფონდი ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ნიშნულის გარშემო ნორმალიზებას ვარაუდობს.
თიბისი კაპიტალი წერს, რომ ზოგადად, მაღალი ეკონომიკური აქტივობა ასევე მაღალ ინფლაციასთან ასოცირდება. ამასთან, საქართველოს მსგავს მცირე ზომის ეკონომიკებში გასათვალისწინებელია იმპორტის დიდი ხვედრითი წილი, მათ შორის ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში გამოყენებული შუალედური საქონლის სახით. ამ კუთხით, სამომხმარებლო ფასების ბოლოდროინდელი დინამიკა გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა.
კერძოდ, თიბისი კაპიტალი წერს, რომ მაისში სამომხმარებლო ფასების ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 3.5%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა, რაც, სეზონურად შესწორებისა და გაწლიურების შემთხვევაში, 5.3%-ს უტოლდება და ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე ნიშნულს აღემატება.
ინფლაციის აჩქარების მთავარ განმაპირობებლად ადგილობრივი და შერეული კატეგორიის საქონლის, განსაკუთრებით კი სურსათის გაზრდილი ფასები რჩება, მომსახურების ფასების ზრდა კი მაისში, გასულ თვეებში აჩქარების შემდეგ, შესამჩნევად შენელდა.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, ისტორიულად, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნა უპირველესად სწორედ მომსახურების ინფლაციაში აისახება. ამავდროულად, საინვესტიციო კომპანიის მოლოდინების შესაბამისად, ფასების შემცირების კუთხით მაისშიც მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა გლობალურად გაიაფებულ ნავთობსა და სხვა იმპორტულ საქონელს.
მთლიანობაში, ფასების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისი რჩება, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად ვინარჩუნებთ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დაახლოებით 4.1%-იან ნიშნულამდე გაზრდის პროგნოზს, რაც ოქტომბერ-ნოემბერში ფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალ დონეს, მომდევნო თვეებში კი 3%-იან სამიზნესთან ეტაპობრივ დაახლოებას მოიაზრებს. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკები გარკვეულწილად მომატებულია, თიბისი კაპიტალი ფიქრობს, რომ ფასების დინამიკაზე დამატებითი წნეხის რეალიზების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბისა და ლარის გამყარების სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის შედარებით მეტად გამყარებაა მოსალოდნელი.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე