თბილისი (GBC) - 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა – $3 516 634 479, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6 პროცენტით აღდგენაა (+$247,980,410), – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორშაბათს გავრცელებულ პრეს–რელიზში.

ადმინისტრაციის ცნობით, 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 2,271,692,761 (+182.5%)  აშშ დოლარით.

„2022 წლის დეკემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 363,306,614 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 167.2 პროცენტით აღდგენაა,  2021 წლის დეკემბერთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 237,255,596  (+188.2%) აშშ დოლარით.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების – 71.9 პროცენტი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 პროცენტი აღდგა.

გასულ წელს საქართველოში, ჯამში, 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5 პროცენტით მეტია.

2022 წელს ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს +131.6 პროცენტით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში 564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 84.6 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +216.9 პროცენტია“, – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში 304,616 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 97.6 პროცენტით აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +110.7 პროცენტია.