თბილისი (GBC) – „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. კვლევის თანახმად, 2025 წელს საქართველოში უძრავი ქონების პირველადი ბაზრის ზომა $2,497 მლრდ–ს შეადგენდა, როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი $2.3 მლრდ–ის ფარგლებში იყო.
საინვესტიციო კომპანიის კვლევის მიხედვით, 2025 წელს ბაზრის უდიდეს ნაწილს თბილისი და ბათუმი ინაწილებდა. კერძოდ, დედაქალაქის წილი 68%-ს, ხოლო ზღვისპირა ბათუმის - 21%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება მიზნობრიობას, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი მიზნით გაყიდული უძრავი ქონების წილი ყველაზე მაღალი თბილისში იყო და 80%-ს შეადგენდა. ამის საპირისპიროდ ბათუმი ლიდერობდა საინვესტიციო მიზნით (85%) გაყიდული უძრავი ქონების კატეგორიაში.
„2022 წელს მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემდგომ, 2024-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში გადავიდა“, - ვკითხულობთ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.
უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში 78.5 ათასი საცხოვრებელი გაიყიდა, საიდანაც 49.2 ათასი მეორად ბაზარზე, 29.3 ათასი კი პირველად ბაზარზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციები 2024 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა.
ფასები
2025 წელს 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი თბილისში წლიურად 8%-ით გაიზარდა და 1 312 დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2024 წელს საშუალო ფასი 1 260 დოლარის ფარგლებში იყო.
ამასთანავე, კვლევაში აღნიშნულია, რომ პრემიუმ სეგმენტში ფასები, საშუალო ფასთან შედარებით, ორჯერ მაღალია.
უფრო კონკრეტულად, კატეგორიების მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები ასეთია:
- ეკონომი - $786
- ეკონომ + - $1 067
- კომფორტი - $1 439
- პრემიუმი - $2 087
- პრემიუმ + - $2 821
- Luxury - $4 088