თბილისი (GBC) -  საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის გამო, UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30,000 ევროთი, ხოლო თურქეთი - 25,000 ევროთი დააჯარიმა.

როგორც AP news წერს, გადაწყვეტილება UEFA-მ ორშაბათს გამოაცხადა. ამასთანავე, UEFA-მ „ევრო 2024“-ის თანაორგანიზატორი მასპინძელი გერმანიაც დააჯარიმა. კერძოდ, მოედანზე მაყურებლებს კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადასაღებად გასვლის უფლება არ ჰქონდა. დაჯარიმება სწორედ ამ დარღვევას უკავშირდება.

მედია წერს, რომ გერმანიის ნაკრები აღნიშნული დარღვევისთვის 20 000 ევროს ოდენობით დაჯარიმდა. AP-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობის ჯარიმა სხვადასხვა საგნის სროლისთვის გამოიწერა, ამისთვის შემდეგი ქვეყნები დაჯარიმდნენ: 68 625 ევროს და 60 000 ევროს ოდენობით სერბეთი, 63 875 ევროს ოდენობით ხორვატია, 57 375 ევროს ოდენობით ავსტრია. 10 000 ევროთი დაჯარიმდნენ ინგლისი და რუმინეთი მოწინააღმდეგე გუნდის ეროვნული ჰიმნის შესრულების ჩაშლის გამო.