თბილისი (GBC) - ამერიკული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research, რომელმაც ეგზიტპოლი ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა, აცხადებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლსა და ოფიციალურ შედეგებს შორის განსხვავება კენჭისყრის მანიპულაციაზე მიუთითებს.

ორგანიზაცია დეტალურად აღწერს კვლევის მეთოდს და აღნიშნავს, რომ "13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე ხმებით მანიპულაციებზე მიანიშნებს".

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, Edison Research-მა 26 ოქტომბერს ჩატარებული ეგზიტპოლის ანალიზი დაასრულა. Edison Research-ში ამბობენ, რომ ეს მიმოხილვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაჩნდა ბრალდებები, იმის თაობაზე, რომ შედეგების ფალსიფიკაციამ არჩევნებზე გავლენა იქონია და საკვანძო ფაქტორი იყო.

კომპანიამ დეტალური ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებიდან გადახრა ფართომასშტაბიანი, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევი რეგიონებში იყო.

"Edison Research საქართველოში ეგზიტპოლებს 2012 წლიდან ატარებს. ყველა წინა ეგზიტპოლი, რომელიც Edison-ის მიერ იყო ჩატარებული ზუსტად ემთხვეოდა ოფიციალურ შედეგებს, სადაც ქართული ოცნება იმარჯვებდა. 2024 წლამდე ჩატარებულ 5 ეგზიტპოლში ქართული ოცნების შედეგებთან სხვაობა საშუალოდ 2%-მდე იყო. თუმცა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგით, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 54% აიღო - ანუ 13 პუნქტით მეტი, ვიდრე Edison-ის ეგზიტპოლში.

Edison-ის ვიცეპრეზიდენტის რობ ფარბმანის განცხადებით, 13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე ხმებით მანიპულაციებზე მიანიშნებს.

Edison-ის ანალიზმა აჩვენა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებიდან გადახვევა ფართოდ გავრცელებული იყო, მაგრამ მეტწილად გამოხატული კონკრეტულ საარჩევნო ადგილებზე, სოფლებში. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მანიპულირება ხდებოდა საარჩევნო უბნების დონეზე.

26 ოქტომბრის ეგზიტპოლის დროს, ხარისხის კონტროლის ზომებმა გამოავლინა საარჩევნო უბნები სტატისტიკური ნორმებიდან მნიშვნელოვანი გადახრებით.

Edison-მა ასევე ჩაატარა 12 კვლევა 2023-2024 წლებში. კვლევებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებთან შედარებით 10 პუნქტით ნაკლებ ხმას აგროვებდა. ნაცვლად ამისა, ქართულმა ოცნებამ 2020 წლის შედეგებს 6 პუნქტით გაუსწრო", - წერია განცხადებაში.

ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.

შედეგებს არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობს.